საქართველოს სამხედრო ისტორია
ბესიკ ნინიაშვილი

2.10.1988 - 30.12.2011

კაპრალი

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 დეკემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.

„დედა, მე ძალიან კარგად ვარ და არაფერზე ინერვიულო, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, ძალიან მეცოდება ავღანელი ბავშვები, ვმეგობრობთ მათთან და შეძლებისდაგვარად ყურადღებას ვაქცევთ, თუ რამის გამოგზავნას დააპირებ ჩემთვის, გთხოვ, ფერადი ფურცლები და ლამაზი პასტები გამომიგზავნე, ეცადე პასტები რკინის არ იყოს, რადგან შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ ნაღმების დასამზადებლად არ გამოიყენონ, სხვას არაფერს არ გთხოვ, ძალიან კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულო“... - ეს წერილი ქართველმა გმირმა კაპრალმა ბესიკ ნინიაშვილმა დედას, მარინა ნინიაშვილს, ავღანეთიდან გამოუგზავნა.

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი, კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი 1988 წელს ქარელში დაიბადა. ადიგენის რაიონის სოფელ უდეს პირველი საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ნინიაშვილების ოჯახის ერთადერთმა ვაჟიშვილმა, სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბესოს გადაწყვეტილებას კახა ნინიაშვილი და მისი მეუღლე მარინა ნინიაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ თუმცა ახალგაზრდამ, 2007 წელს, პირველი ოფიციალური კონტრაქტის გაფორმება მაინც შეძლო... აგვისტოს ომის სიძნელის, მიღებული ტრავმების მიუხედავად, სამხედრო სამსახურისადმი ინტერესი არასდროს განელებია. მეტიც, ქართველმა ჯარისკაცმა ჯვარი სამხედრო ფორმაში დაიწერა. ავღანეთში უკვე მეორე მისიით იმყოფებოდა და სამხედრო სამსახურში ბოლომდე აპირებდა ყოფნას.

კახა ნინიაშვილი ბესიკ ნინიაშვილის მამა: „ბესო 2007 წელს წავიდა პირველად სამხედრო სამსახურში. მანამდე სამხედრო სამსახურთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ისეთი შემართებით იყო, მისი შეკავება ვეღარ შევძელით. პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მეორე კონტრაქტის გაგრძელებაზე მიიღო გადაწყვეტილება. 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა და ფეხში იყო დაჭრილი მაშინ და ვთვლიდით, რომ სამხედრო სამსახურისთვის უნდა დაენებებინა თავი. ერთადერთი ბიჭი მყავდა და ნამდვილად არ მინდოდა ასე დასრულებულიყო ყველაფერი. თვითონ კატეგორიულ უარზე იყო, ასე ამბობდა, გაიგეთ, მე ჩვეულებრივი ჯარისკაცული ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო ბოლომდე და ბიჭებს ვერ მივატოვებო. ჩვენ, 2008 წლის ომში ცოლის ძმა დავკარგეთ და ამიტომაც ეს შემზარავი ფაქტი სახეზე გვქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, ვერაფერს გავხდით, ვერ ვუშველეთ... საერთოდ კი ჯარის ცხოვრებაზე სახლში არასდროს ყვებოდა, ვიცოდით, რომ მაინც არაფერს იტყოდა და ჩვენც აღარ ვეკითხებოდით. ბავშვობიდან განსაკუთრებული თვისებებით იყო გამორჩეული, დაუზარელი იყო და ოჯახს ყველაფერში ეხმარებოდა... ჯარისადმი ინტერესს ბავშვობიდან იჩენდა, განსაკუთრებულად უვლიდა სამხედრო სამოსს, ჯვრისწერის დღეს სადღესასწაულო სამოსი გავუმზადეთ, მაგრამ მკაცრად გამოგვიცხადა, ან სამხედრო ფორმაში დავიწერ ჯვარს თუ არადა ჯვრისწერა ჩაიშლებაო... რა უნდა გვექნა, წინააღმდეგობას ხომ ვერ გავუწევდით და სამხედრო ფორმაში შედგა ჯვრისწერა...

მარინა ნინიაშვილი, ბესო ნინიაშვილის დედა: „დღესაც თვალწინ მიდგას ის დღე, როდესაც ბესოს დავემშვიდობე, თბილისის „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დავშორდით ერთმანეთს, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი ვიყავით, გვითხრა წადითო, მაგრამ არ გავნძრეულვარ იქიდან, ალბათ, გული მიგრძნობდა, რომ ბოლოჯერ ვხედავდი... ვიდექი და ვიყურებდი როგორ წავიდა ჩემგან... მეშინოდა და ვღელავდი, თვითონ დიდი ემოციებით მიდიოდა და ამბობდა, ჯარი ჩემთვის ყველაფერია და მე ჩემს ბატალიონს ვერასდროს მივატოვებო... ყველაფერი გავაკეთეთ მის შესაჩერებლად, მაგრამ მაინც წავიდა... ავღანეთში ჩასვლის შემდეგ დაგვიკავშირდა კმაყოფილი იყო, ამბობდა, აქ ყველაფერი წესრიგშია, არაფერზე ინერვიულოთო... განსაკუთრებით უყვარდა ავღანელი ბავშვები, ყოველთვის მათზე ლაპარაკობდა, თუ კი აქედან რამის გაგზავნას დავაპირებდი, მთხოვდა, ფანქრები, პასტები და ფერადი ფურცლები გამეგზავნა... თვითონ, მეორე მისიით რომ წავიდა ავღანეთში, ბევრი ტკბილეული და სახატავი ფურცლები წაიღო, ავღანელ ბავშვებს უნდა დავურიგო, ხატვა უნდა ვასწავლოო... სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, რამდენიმე საათით ადრე ვესაუბრეთ „სკაიპით“. 30 დეკემბერი იყო და ახალი წელი დგებოდა... ეტყობა გულმა მიგრძნო და ყველაფრის გაკეთების სურვილი დავკარგე. ბესომ ეს ყველაფერი სწრაფად, შეამჩნია, დედა რა ხდება, რა მოწყენილი ხარ არ ემზადები ახალი წლისთვისო, ვუპასუხე, შვილო შენ აქ არ ხარ და არაფრის ხალისი არ მაქვს, არ მაქვს ამის თავი-მეთქი... ძალიან ეწყინა, გაბრაზდა და ასე მითხრა, 31-ში დაგირეკავ და თუ ისეთივე მობილიზებული არ იქნები და გაკეთებული არ გექნება ყველაფერი, როგორც ყოველ ახალ წელს ხდება, ძალიან გავბრაზდებიო! სხვა რა უნდა მექნა, შვილს ხომ არ ვაწყენინებდი და შევუდექი აქტიურ სამზადისს, მაგრამ ვაი, მაგ მომზადებას, რამდენიმე საათში სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ და საზარელი ამბავი მომიტანეს“...

ბესოს გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ დამოუკიდებლად გააგრძელა ცხოვრება... დამ, ნათია ნინიაშვილმა კი სამხედრო სამსახურში გააგრძელა საქმიანობა.

ნათია ნინიაშვილი, ბესოს და: „უფრო მეტი შემართებითა და პასუხისმგებლობით ვმუშაობ დღეს სამხედრო სამსახურში, პროფესიით ექთანი ვარ და ჩემი კრედოა, უფრო მეტ ჯარისკაცს დავეხმარო ცხოვრებაში... სანამ შეიძლება, იქ მინდა ვიყო. რათა ბევრი სამხედრო გადავარჩინო და ჩემი ძმის ხსოვნას მივაგო პატივი... მე ხომ ამ ბიჭებში ჩემს ძმას ვხედავ“...

ქართველი გმირი, კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი სიცოცხლეში აგვისტოს ომში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის პრეზიდენტმა სამხედრო მამაცობისთვის დააჯილდოვა. მოგვიანებით კი მან რამდენიმე ჯილდო ავღანეთში გმირული საქმიანობისთვის და ISAF- ის ოპერაციაში წარმატებული მონაწილეობისთვის მიიღო...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები