საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი ჯოჯუა

კაპიტანი

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1980 - 2008

 

თორმეტი წლის იყო მშობლიური სოხუმი რომ დაატოვებინა მტერმა... 28 წლისას იგივე მტერმა სიცოცხლეც მოუსწრაფა.

სიყმაწვილე გაილია დევნილობაში. აფხაზეთიდან გადმოსული სენაკში ცხოვრობდა. სენაკში დაამთავრა სკოლა. ჩააბარა სამხედრო აკადემიაში.

22 წლის იყო ქობულეთში მომავალი მეუღლე რომ გაიცნო. გაცნობიდან ხუთ თვეში დაოჯახდნენ, ერთად 5 წელიწადს იცხოვრეს. 2 ვაჟი დატოვა ამქვეყნად...

„ძალიან ბედნიერი იყო, ბიჭი რომ გვეყოლა. ოცნებობდა აფხაზეთში დაბრუნებაზე, ოცნებობდა შვილებზე და უნდოდა ბიჭებსაც სამხედრო კარიერა ჰქონოდათ... უმცროსი ამბობს, რომ გავიზრდები ჯარში უნდა წავიდეო...“ – იხსენებს მეუღლე...

არც გიორგისთვის დაუშლია მამამისს ჯარში სამსახური, არ დაუშლია იმიტომ, რომ თავადაც იარაღით ხელში ებრძოდა ვერაგ მტერს აფხაზეთში...

კაპიტანი გიორგი ჯოჯუა მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. სექტემბერში ერაყში უნდა წასულიყო. მაგრამ დაიწყო ომი და ერაყი მხოლოდ ალიბად იქცა – შეშფოთებული მეუღლის დასამშვიდებლად – სწავლებებზე ვარ, ხომ იცი ერაყში მივდივარო... „ამას ისე დამაჯერებლად მეუბნებოდა, ეჭვი არ შემიტანია... ცდილობდა რომ წინ წასულიყო, სამხედრო კარიერა გაეგრძელებინა. უნდოდა, რომ ყველაფრისთვის თვითონ მიეღწია. უნდოდა, რომ სამშობლოს გამოსდგომოდა...“ - იტყვის მეუღლე.

კაპიტანი ჯოჯუა შინიდან ბოლოს 4 აგვისტოს გავიდა. ოჯახს ამშვიდებდა. უმალავდა რომ ომში იყო. „ჩვენ გვეუბნებოდა რომ გორში იყო, მაგრამ ცხინვალში იბრძოდა...“ - იტყვის ჯარისკაცის მამა...

ჯარისკაცის ქვრივი: „9 აგვისტოს დილით ველაპარაკე, 10 –11 საათზე. საშიშროება თუ იყო რამე, არ გვეუბნებოდა, უფრო გვიან რომ დავურეკე, არ გვპასუხობდა... რა ვითარებაში დაიღუპა არ ვიცით, არავის უნახავს... თებერვალში დეენემის ანალიზით გავიგეთ მისი გარდაცვალება... ნოემბერში გადმოსვენებულ 17 ბიჭს შორის იყო... ცხოვრება მძიმე და აუტანელია მის გარეშე, მაგრამ ორი ვაჟი დამიტოვა... ვზრდი მათ... ვცდილობ ისე გავზარდო, რომ მუდამ ახსოვდეთ მამა...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები