საქართველოს სამხედრო ისტორია
ზაზა გლუნჩაძე

კაპრალი

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1979 – 2008

 

8 აგვისტოს, დილით, 42-ე ბატალიონი უკვე ცხინვალში იყო. მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ქართველი მეომრები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ, რომ როგორმე რუსული აგრესია მოეგერიებინათ. ზაზა გლუნჩაძე მეორე ასეულში იყო, პირველ ხაზზე იბრძოდა, მანამ, სანამ რუსული ავიაცია ცხინვალის დაბომბვას არ დაიწყებდა. ამ დაბომბვის შემდეგ ზაზა ცოცხალი აღარავის უნახავს. მისი და მასთან ერთად დაღუპული ქართველი გმირების გადმოსვენება ცხინვალიდან მხოლოდ უწმინდესის ძალისხმევით მოხერხდა.

ქეთევან ცუცქირიძე, მეუღლე: „არასოდეს უთქვამს, რომ დაიღალა, ბოლოს 10 ივლისს იყო სახლში. მას შემდეგ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა ჩამოსვლა. საერთოდ, ძალიან თბილი ადამიანი იყო, განსაკუთრებით ჩვენს მიმართ.

47 ბიჭი რომ გადმოასვენა პატრიარქმა, იმ 47 ბიჭებში იყო ზაზაც.

ომი რომ დაიწყო, 7-ში არაფერი არ უთქვამს, ფიქრობდა, ალბათ, ინერვიულებენო. მათი ბატალიონი პირველ ხაზზე იბრძოდა. ზაზა მეორე ასეულში იყო. 7 აგვისტოს რომ შევიდნენ გორში, მაშინ დამირეკა. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და მითხრა, ომი დაიწყო და ავნევში ვარო. ღამის 11 საათი იყო. გამაფრთხილა, შენ ვერ დამირეკავ და არ ინერვიულო, მე თვითონ დაგირეკავ ხოლმეო. ბოლოს 8-ში, დილის 8 საათზე დარეკა, ცხინვალში შევდივართო. ამის შემდეგ კავშირი გაწყდა. თბილისში ზაზას თანამებრძოლი ვნახე ღუდუშაურის კლინიკაში, მისგან გავიგე, რაც მოხდა. მითხრა: როცა დაბომბვა მოხდა, ზაზა ვნახე, მაგრამ არ ვიცი, გადარჩა თუ არაო... სხვებმა თქვეს, დაჭრილების გამოყვანაში გვეხმარებოდაო...სწორედ ამ დროს მომხდარა დაბომბვა. გავიგეთ, რომ, როცა მეგობრების გადარჩენას ცდილობდა, თვითონაც დაჭრილი იყო.

6 ნოემბერს მოვიდა დეენემის პასუხი. ჩემს ძმას დაურეკეს, მან კი ვერ მითხრა. სხვისგან გავიგე, რომ ზაზა აღარ მყავდა. ხარაგაულში გადავასვენეთ და იქ დავკრძალეთ. ძალიან ძნელია ცხოვრება ზაზას გარეშე. ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი. ძალიან გვინდოდა თბილისში ბინა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფომ მომცა ბინა, მაგრამ იქ ზაზას გარეშე მიწევს ცხოვრება. მეც დამასაქმა თავდაცვის სამინისტრომ, მაგრამ იმის კომპენსაცია შეუძლებელია, რაც მე დავკარგე“.

ზაზა გლუნჩაძე 1979 წლის 11 თებერვალს, ხარაგაულის რაიონის სოფელი ხიდარში დაიბადა. მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო, ყველას ძალიან უყვარდაო, – იხსენებს მეუღლე.

ქეთევან ცუცქირიძე, ზაზა გლუნჩაძეს მეუღლე: „ერთმანეთი მატარებელში გავიცანით. მე 17 წლის ვიყავი, ზაზა – 22 წლის. 5 თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და მერე დავქორწინდით. პირველი შვილი რომ შეგვეძინა, მარინა დავარქვით. მისი დედის სახელია. მეორე თეონა გვყავს. ძალიან უნდოდა, რომ ცეკვაზე ევლოთ გოგოებს, სულ ოცნებობდა. მარინა 7 წლის არის, თეონა – 5-ის. 2007 წლის 10 ივლისს დაიწყო მუშაობა ვაზიანში. კაპრალი, მსროლელი იყო. როცა დაიღუპა, ერთი წელი უსრულდებოდა ჯარში ყოფნისა. ერაყში წასასვლელად ემზადებოდა. მაგრამ მერე ომი დაიწყო და მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან“.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები