საქართველოს სამხედრო ისტორია
ამირან მამალაძე

კაპრალი

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1985 – 2008

 

9 აგვისტოს, ცხინვალში, ამირან მამალაძეს უკანასკნელი ბრძოლა ჰქონდა მტერთან. დაჭრილი მეთაურის გადასარჩენად შებრუნდა უთანასწორო ბრძოლაში და დაიღუპა. მტრის ტყვიას გადარჩენილი მისი მეგობრები დღესაც აღფრთოვანებით იხსენებენ ამირანის გმირობის ამბავს. ყველაზე უშიშარი იყო და თავდადებით იბრძოდაო, – უყვებიან მშობლებს, რომლებსაც ნუგეშად მხოლოდ შვილის გმირობა დარჩათ.

გურამ მამალაძე, მამა: „ამირანს თავისი საქმე ძალიან მოსწონდა, ყოველთვის იცოდა, რას აკეთებდა და არასდროს შემცდარა. იცოდა, რომ სამშობლოს სჭირდებოდა და დადგა კიდეც მის სადარაჯოზე. ჩემთვის ძნელია ამ ყველაფრის გახსენება, მაგრამ მეამაყება, რომ გმირის მამა მქვია. დიდი ჯილდო დამიტოვა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან.

ომში წასვლამდე ტელეფონით მიკავშირდებოდა – 6 აგვისტოს მერე აღარ გვილაპარაკია. გადმოცემით ვიცით, რომ თავდადებით იბრძოდა. ასმეთაური და ოცმეთაური ამბობენ, ის რომ არ ყოფილიყო, არც ერთი არ ვიქნებოდით ცოცხლებიო. როცა მეთაური გელა ჭედია დაიჭრა, მის გადასარჩენად სამი კაცი შევიდა საბრძოლველად და იქიდან ერთი გამოვიდა ცოცხალი... იცოდა, სადაც მიდიოდა, ისიც კარგად იცოდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ამაზე ჩვენ ერთ სიტყვასაც არ გვეუბნებოდა. 9 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში, ბრძოლის ველზე. ინტერნეტში ვნახეთ სურათები, დაჭრილი ამირანია გადაღებული...

დღესაც გულს მიკლავს მასზე საუბარი, უცრემლოდ ვერ ვიხსენებ.

სპორტსმენი იყო – კარატისტი, უყვარდა ვარჯიში, ჯარი. ამბობდა, საქართველოს თუ დავჭირდები, წამით არ დავიხევ უკანო. ასეც მოიქცა. ასმეთაურს რომ უკითხავს, ვინ წამოვაო, პირველი ამირანი გამოხმაურებია, წავიდეთო. ჩემი მეორე შვილი უშლიდა წასვლას, მაგრამ ეუბნებოდა: „უნდა წავიდე, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ბედი იქ მიმყვებაო“. არასოდეს არაფრის ეშინოდა. დარწმუნებული ვარ, შიში ბრძოლის დროსაც არ ექნებოდა, ასეთი იყო ჩემი ამირანი. ვაჟკაცი, სამშობლოს პატრიოტი, სულით მებრძოლი. 23 წლის უკვე გმირი გახდა, მეტი საამაყო რა უნდა მქონდეს, ეს ჯილდო ხომ ჩვენ დაგვიტოვა. ბედისწერაა, ეტყობა, ასეთი, მაგრამ მე ამაყი მამა ვარ, ასეთი შვილი რომ გავზარდე“.

ამირან მამალაძე 1985 წლის 21 ივლისს, შუახევის რაიონის სოფელ ბარათაულში დაიბადა. ბათუმში სწავლობდა, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, სამხედრო კათედრაზე... შემდეგ იყო სავალდებულო სამსახური და სამუდამო კონტრაქტი სამშობლოსთან, რომელიც მან 23 წლის ასაკში გააფორმა.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები