საქართველოს სამხედრო ისტორია
ილია შეყლაშვილი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1984 – 2008

 

კაპრალი ილია შეყლაშვილი შინდისში დაღუპული გმირებიდან ერთ-ერთია. სნაიპერის ტყვია მას მაშინ დაეწია, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლები შუა ცეცხლიდან გაჰყავდა. „მკერდით იცავდა ხალხს, დაჭრილები გამოჰყავდა, გმირულად იბრძოდა“

 – თანამებრძოლების ნათქვამი ამ სიტყვებით ინუგეშებს ილიას ოჯახი თავს. მათ იციან, რომ ილია სამშობლოსთვის დაღუპული გმირია.

აკაკი შეყლაშვილი, ძმა: „11 აგვისტოს შინდისში 17 დაღუპული ბიჭიდან ერთ-ერთი იყო. ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სნაიპერმა ესროლა. 10 რიცხვში რამდენჯერმე მამაჩემთან დაურეკავს. მას მერე ვეღარ დავუკავშირდით. 11-ში რომ დავრეკეთ, გვითხრეს დაიღუპაო. 15-ში ღამე გადმოვასვენეთ თბილისში.

მასთან ერთად ვინც იყვნენ, ის ბიჭები გვიყვებოდნენ მერე, გმირულად იბრძოდაო, ბევრი გადაურჩენია.“

ილია შეყლაშვილი, 1984 წელს, თბილისში დაიბადა. პირველი შვილი იყო. დედმამიშვილებში თავიდანვე ყველაზე სამაგალითო. თბილისის 192–ე სკოლაში სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამთავრობო დაცვაში მოიხადა სავალდებულო სამსახური და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აკაკი შეყლაშვილი: „7 თვე ჰქონდა დარჩენილი და ოთხწლიან კონტრაქტს ამთავრებდა. კონტრაქტს უკვე ხელი რომ მოაწერა, მაშინ უთხრა მშობლებს, ჯარში წავედიო. პირველად ვაზიანში იყო, მერე ქუთაისში 1 წელი და დანარჩენი, ყველაზე დიდი დრო, სენაკში გაატარა.

დაოჯახებული არ იყო. ისევ ჯარში დარჩენას აპირებდა, ოღონდ სხვა მიმართულებით უნდოდა წასვლა. მეც სავალდებულო ჯარში ვიყავი ზუგდიდში, იქაც მაკითხავდა ხოლმე. ბოლოს სახლიდან 4 რიცხვში გავიდა. ჩვენი და გერმანიაში მიდიოდა, გააცილა და წავიდა.

დედაჩემი და მამაჩემი რაჭაში ცხოვრობენ. დედას არ ვეუბნებოდით, რომ ომში იყო. მერე კი ყველაფერი გაიგო...

ძმა ძალიან მაკლია. არც ღამე გავა და არც დღე, რომ არ გამახსენდეს. ჯარში რომ იყო, ვიცოდი, არაფერი გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა, რომ აღარ არის, სულ სხვანაირად ვარ, ძალიან მიჭირს. 11-ში დაიღუპა და 23-ში დაბადების დღე ჰქონდა, 25 წლის უნდა გამხდარიყო. სოფელში ვაპირებდით აღნიშვნას.“

ილია შინდისის გმირია, საბედისწერო შინდისის, რომელიც აგვისტოს ომში გმირების სასაფლაოდ იქცა. ბევრი წელი გავა, სამშობლოსთვის დაცემული ბიჭების სახელებს წლები ლეგენდად აქცევს, მათი სახელი კი ისტორიაში შევა.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები