საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი რომელაშვილი
გიორგი რომელაშვილი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1978 - 2008

 

ირაკლი რომელაშვილმა აგვისტოს ომში ორი შვილი გაუშვა. გზა ორივეს დაულოცა, თუმცა უკან მხოლოდ ერთი დაუბრუნდა... გიორგი რომელაშვილი სამშობლოს გმირად დარჩა.

გიორგი და მისი ძმა ერედვში დაიბადნენ. სკოლაც იქვე დაამთავრეს და მერე ორივე ერთად წავიდნენ ჯარში... ჯარში მსახური ორივეს ბავშვობის ოცნება იყო. 1991 წლიდან ერედვში მუდმივად დაძაბული მდგომარეობა იყო. ამის გამო მათ სწავლაც ხშირად უწყდებოდათ და დროებით დეიდასთან მიდიოდნენ ხოლმე, სხვა სოფელში... გიორგიმ პირველად იარაღი ხელში სოფლის საზღვრის დასაცავად აიღო. მაშინ ის ჯერ კიდევ პატარა იყო, თუმცა საზღვარზე მაინც მორიგეობდა. საკუთარ სოფელს და ოჯახს იცავდა მტრისგან...

ირაკლი რომელაშვილი, მამა:

„ძალიან წყნარი ბავშვი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. განსაკუთრებით მათემატიკა უყვარდა. როგორც კი სკოლა დაამთავრა, მაშინვე მოუვიდა მოწვევა ჯარიდან და წავიდა კიდეც. ახალციხეში იყო ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომელი იყო. ორი წლის მერე დაბრუნდა ერედვში, ჩვენთან, და აქ იყო გარკვეული პერიოდი. 2004 წელს დაიწყო არეულობა და იარაღით ხელში იდგა საზღვარზე, მორიგეობდა ხოლმე... იმ პერიოდში გაიცნო ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ასევე საზღვარზე მორიგეობდნენ. დაუმეგობრდა ძალიან და თან ჩვენც სულ შიშის ქვეშ ვიყავით, ამ დაძაბული სიტუაციის გამო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა და გვითხრა, მაინც სულ იქ ვარ და ბარემ კონტრაქტს გავაფორმებო. ეს იყო 2006 წელს. გადაანაწილეს გორის ჯავშანსატანკო ბატალიონის ასეულში, დაზვერვაში. კაპრალი იყო წოდებით. ცოტა ხნის მერე წავიდა მისი ძმაც. მეც ომის ვეტერანი ვარ, ცხინვალში ვიბრძოდი და უარი არასოდეს მითქვამს წასვლაზე, მით უმეტეს თვითონ უნდოდა ორივეს წასვლა“.

გიორგი ძმასთან ერთად მსახურობდა, ერთ დღეებში მორიგეობდნენ. სახლში ყოველ პარასკევს მოდიოდნენ და კვირას ისევ სამსახურს უბრუნდებოდნენ. ბოლოსაც ერთად ჩამოაკითხეს მშობლებს, 4 აგვისტოს. გიორგი ყოველ კვირას ისე მიდიოდა, თითქოს ბოლოჯერ ხედავდა საკუთარ სახლს, ოჯახს, მშობლებს და მეუღლეს, რომელიც გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე მოიყვანა...

9 აგვისტოს გიორგის ხმა მშობლებმა უკანასკნელად გაიგონეს... დაღუპვამდე ათი წუთით ადრე...

ირაკლი რომელაშვილი:

„29 წლის იყო, რომ დაიღუპა. ბოლოჯერ ზუსტად ათი წუთით ადრე ველაპარაკე და ტელეფონიც გაითიშა... ჯერ ერთს ველაპარაკე და მერე მეორეს. რომ ვუთხარი თავს მოუფრთხილდით-მეთქი, მიპასუხა, ჩვენ კი ვუშველით ჩვენ თავს და თქვენ ახლავე დატოვეთ სოფელი, მანდ გაჩერება აღარ შეიძლებაო... ეს მითხრა და გაითიშა კიდეც... მერე გაუჩერებლად ვრეკავდი, მაგრამ ვეღარ დავუკავშირდი. სახლში ვერ გავჩერდი და მაშინვე გორში წავედი... იქ რომ მივედი, ჩემი ბიჭების მეგობრები დავინახე, მივედი მათთან და მითხრეს ეს ამბავი... სმენის შეცვლის დრო იყო, ორივე, ტყვია-წამალს უგზავნიდნენ თავის ბატალიონს. მათთან ერთად ალბათ, კიდევ 20-25 ბიჭი იყო. უცებ მოუახლოვდა ვერტმფრენი და აფეთქება მოხდა“.

ძმა: „მე წავიქეცი, გიორგი წამოხტა, ხელი დამარტყა და მითხრა: დროზე, გავიქცეთო... ამ დროს მე გონება დავკარგე, თურმე მანქანაში ჩამსვეს... გონზე რომ მოვედი ჩემი ძმა დავინახე... უკვე დაღუპული იყო...“

დღეს რომელაშვილების ოჯახში წლის და სამი თვის გიორგი რომელაშვილი იზრდება...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები