საქართველოს სამხედრო ისტორია
ალია ბარდაველიძე

ლეიტენანტი

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1984 - 2008

 

ცხინვალთან დაეცა. მაშინ, როცა რუსმა იერიში შანხაის დასახლებაზე მიიტანა, ასმეთაური ალია იქ იყო.

1984 წლის, 4 აპრილს დაიბადა. ალია ბაბუის სახელი დაარქვეს. პირველი შვილი იყო.

მამა: „სკოლის პერიოდში სამხედრო აკადემიით დაინტერესდა. კარგად სწავლობდა... 4 წელი ისწავლა სამხედრო აკადემიაში. წოდებით ლეიტენანტი იყო. ბოლოს ომში ასმეთაური... ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა, როგორც სამხედროს. ბევრი მადლობის სიგელი აქვს მიღებული, და სახლში რომ მოჰქონდა, ძალიან გვიხაროდა... ორფოლოში, პოლიგონზე წვრთნებს გადიოდა და ყველაფერს წარმატებულად ართმევდა თავს. ახლა მისი მეგობრები რომ მხვდებიან ხოლმე, მეუბნებიან, ჩვენ რომ დავიღლებოდით, ის მაინც არ ჩერდებოდა და ვარჯიშს აგრძელებდაო... დასაოჯახებელი იყო... ომი რომ არ დაწყებულიყო ერაყში აპირებდა წასვლას. იქიდან რომ ჩამოვიდოდა დაოჯახებას აპირებდა... უკვე შედგენილი იყო ასეული, საბუთები წესრიგში ჰქონდა და ნოემბერში უნდა წასულიყო...“

დედა: „სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად სახლში არ იყო. ამის მიუხედავად, არასოდეს წუწუნებდა თავისი სამსახურის გამო. მისი კარიერა სამხედრო ცხოვრებას უკავშირდებოდა. ვერ წარმოედგინა თავი სხვაგან. ერაყში ნამყოფი იყო და მეორედაც აპირებდა წასვლას. სამსახურის ამბავზე ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ძალიან მოსიყვარულე იყო, გიჟდებოდა თავის დაზე.“

მამა: „პირველი ხელფასით დას უყიდა ტელეფონი. სტუდენტიაო და მას უხარიაო. დაზე ორი წლით უფროსი იყო და ზრუნავდა მასზე.

საშუალო სკოლა თერჯოლაში, სოფელ სიმონეთში დაამთავრა. მას შემდეგ წამოვედით თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია თბილისში ვცხოვრობთ, სოფელში ჩასვლა ყოველთვის უხაროდა. იქ ბევრი მეგობარი დარჩა.“

ციური ბარდაველიძე, დედა: „ბოლოს სამ აგვისტოს გავიდა სახლიდან. იმ დღეს მანქანა გარეცხა და ვეუბნებოდი, თუ არსად მიდიხარ დაისვენე-მეთქი და ტელეფონმაც დაურეკა. „დედა, ჩქარა ფორმაო“... ჩაიცვა და წავიდა. რვა აგვისტომდე ველაპარაკებოდით. ბოლოს რვაში, რვის ნახევარზე ველაპარაკეთ ტელეფონით. სულ იმას ამბობდა, კარგად ვარო, გვამშვიდებდა და გვატყუებდა გორში ვარო. ჯერ ამბობდა ვაზიანში ვარო, მერე გორშიო, ალბათ, არ უნდოდა, რომ გვენერვიულა.“

მერაბ ბარდაველიძე, მამა: „კონტრაქტი ჰქონდა და შვებულებით იყო სოფელში. დეიდამისთან აპირებდა თერჯოლაში წასვლას, მაგრამ მოულოდნელად მომადგა და მითხრა, უნდა წავიდეო, დამირეკეს, სამსახურის ბეჭედი და რაღაც ნაწილი გამომყვაო. ძალიან ჩქარობდა, რაღაცას კი ვხვდებოდი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი რა ხდებოდა... ცოტა მოწყენილი იყო... მარტო არ გამოვუშვი და თან წამოვყევი თბილისში. გზაში ვუთხარი, რომ ნეტა ამ ერაყს მოეშვა-მეთქი და მითხრა, „მამა, ნეტა ახლა ერაყში ვიყოო...“

მამა: „ჩემი ძმა რომ ელაპარაკა, თავიდან არ ეუბნებოდა სად იყო, მერე უთქვამს, რომ ცხინვალში ვარ და მამას არ უთხრაო. რვა აგვისტოს მოხდა ყველაფერი.

ბოლოს, ტელეფონზე რომ ვეღარ ვუკავშირდებოდით, ერთ-ერთ სერჟანტთან დავრეკე, ალეკოს მარჯვენა ხელი იყო... სად არის ალეკო-მეთქი ვკითხე. ალეკო დავალებაზეა წასულიო და ასეულიც მე ჩამაბარაო. ტელეფონიც მე დამიტოვა და თუ ვინმემ დაგირეკოს, შენ იმოქმედეო... მეორე ტელეფონიც ჰქონდა ალეკოს, ორივე ნაწილში დატოვა.

ცხინვალთან, შანხაისთან ყოფილან. შალვა დოლიძეც იქ ყოფილა. ცხონებულს დაუძახია ბარდაველიძე დამახმარეთო, ალია, რომ წასულა, თან სამი ჯარისკაციც წაუყოლებია. მაშინვე მასთან მისულა. დახმარებია მეგობრებს, მაგრამ სხვის გადასარჩენად მისული, თვითონ დაიღუპა... უკან უნდა გამოსულიყვნენ, რომ რუსებს „ლიმონკა“ უსროლიათ და ალია მაშინ დაღუპულა. ასე მოგვიყვნენ ის ბიჭები, ვინც გადარჩნენ.

მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული...

უკვე ორი წელი გავიდა და ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის... ცხოვრება საშინელებაა მის გარეშე...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები