საქართველოს სამხედრო ისტორია
თემურ ბოკუჩავა

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1983 – 2008

 

ჯარისკაცმა თავის ბიჭუნას ალექსი დაარქვა. მეუღლემ ჰკითხა: „რატომ მაინცდამაინც ალექსი?“

ჯარისკაცი მეუღლეს დაჰპირდა, რომ ბავშვის ნათლობისას ეტყოდა, „რატომ მაინცდამაინც ალექსი“.

ბავშვი 28 აგვისტოს უნდა მოენათლათ.

8 აგვისტოს ის გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან და ეს საიდუმლო თან ჩაიტანა მიწაში, იმ მიწაში, რომლის დაცვასაც შესწირა თავი.

თემურ ბოკუჩავა სოხუმელი იყო. 1983 წელს დაიბადა სოხუმში. ათი წლისაც არ იყო, მშობლიური ქალაქი რომ დაატოვებინა მტერმა. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მისი სახელობისაა.

მაია ცეცხლაძე, მეუღლე: „ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა, ამასთანავე, ძალიან ცელქი...“

ბავშვობა დევნილობასა და ოცნებაში გაილია – სოხუმში დაბრუნებულიყო. გაილია ბავშვობა, მაგრამ არ გაილია თავად ეს ოცნება...

„ამბობდა, სოხუმში დროშა მე უნდა ავაფრიალოო, სულიერად იყო მეომარი...

სოხუმი სტკიოდა ძალიან... ჩვენ რომ დავოჯახდით, მას უკვე გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი. არც მე ვყოფილვარ წინააღმდეგი, სულ ამბობდა, სოხუმელი ვარ და ჩემი სამშობლო მე თუ არ დავიცავი, ვინ დაიცავსო...“

თემურ ბოკუჩავა ჯარში 2001 წელს გაიწვიეს, მსახურობდა სენაკში, იყო კოდორის ხეობაში, ცხინვალის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. სამშობლოსთან კონტრაქტი 2006 წელს გააფორმა.

2007 წელს კი მომავალი მეუღლე – მაია ცეცხლაძე გაიცნო.

თავიდან მაიას უმალავდა, ჯარისკაცი რომ იყო. მალე ერთმანეთი შეუყვარდათ.

მაია: „ხშირად ჩამოდიოდა ბათუმში, სულ სიყვარულს მიმტკიცებდა. ერთხელ მახსოვს, საღამოს ჩამოვიდა და მთხოვა, გამოდი, შემხვდიო. გვიანი იყო, ვერ გამოვალ-მეთქი, ვუთხარი. მაშინ სახლთან გამოდიო, გავედი და უზარმაზარი ვარდების თაიგული მომართვა... სამ თვეში დავქორწინდით. დაქორწინების შემდეგ ხელფასი აიღო თუ არა, სახლისთვის ავეჯი შევიძინეთ. სულ ოჯახზე ზრუნავდა... წელიწადი და ორი თვე ვიყავით ერთად. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ექოსკოპიაზე მითხრეს, გოგო გეყოლებათო. თემურს არაფერი უთქვამს. რამდენიმე თვის შემდეგაც იგივე მითხრეს, მეცხრე თვეში რომ ვიყავი, უკვე მითხრეს, ბიჭიაო. არ დაიჯერა, სულ თან დამყვებოდა კონსულტაციაში. ბიჭი რომ შეგვეძინა, თურმე მთელი 15 წუთი გაოგნებული იდგა, უსიტყვოდ. მერე უთქვამს, ვიცოდი, რომ ბიჭი მეყოლებოდა, ოღონდ არ ვამხელდიო... ძალიან მოსიყვარულე მეუღლე იყო, ოცნებობდა, ბავშვს ჰქონოდა ყველაფერი, რაც მას დევნილობის დროს დააკლდა. უნდოდა, ალექსი ექიმი გამოსულიყო, კერძოდ, ქირურგი... ბევრი შვილის ყოლაზე ოცნებობდა. ამბობდა, მეორე გოგო მინდაო, აქეთ-იქით ჩავკიდებ ბავშვებს ხელს და ვასეირნებო... მისი სამომავლო გეგმებიც ჯარს უკავშირდებოდა, გვარდიაში უნდოდა გადასვლა, როგორც კი კონტრაქტს ვადა ამოეწურებოდა...“

თემური შინ ბოლოს 6 აგვისტოს გვიან მივიდა და დილაადრიან გავიდა სახლიდან.

მაია: „გაუთავებლად ვურეკავდი, მაგრამ ვერ ვუკავშირდებოდი... ბოლოს 8 აგვისტოს პირველ საათზე დამირეკა, მამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ნუ გეშინიაო. მთხოვდა, შენში ვაჟკაცი გოგო იმალება და ალექსის მიმიხედეო... ერთსა და იმავეს მიმეორებდა, ალექსის მიმიხედეო, ამან ამაფორიაქა ძალიან, მერე გავიგე, რომ 2 საათზე დაიღუპა ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვების დროს... 11 აგვისტოს გადმოასვენეს, უამრავი ჭრილობა ჰქონდა... სულ ვეხვეწებოდი, თავს მიხედე-მეთქი. ერთხელ ისიც კი მივწერე, დაყარე იარაღი და გამოიქეცი-მეთქი, სასოწარკვეთილი ვიყავი და არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი... პასუხი მომწერა, ზურგში ნასროლი ტყვიით არ დავბრუნდებიო... რაც დავოჯახდით, რაღაც ავი წინათგრძნობა მქონდა, რომ ბოლომდე ერთად ვერ ვიქნებოდით... ერთხელ ვუთხარი კიდეც... დამამშვიდა, ნუ გეშინია, ჩვენ სიკვდილიც ვერ დაგვაშორებსო... სახლიდან რომ გავიდა, აბაზანაში შევედი, სარეცხი უნდა გამერეცხა. მისი ტანსაცმელი იდო გასარეცხად, შარვალი და მაისური არ გავრეცხე, იქნებ ვერ დაბრუნდეს და მისი ბოლო ჩანაცვამი ტანსაცმელი დამრჩება-მეთქი... ასეც მოხდა... დაღუპვამდე 10 დღით ადრე სიზმარში აბოდებდა: „ტანკები, ტანკებიო“, გავაღვიძე, არ დაიჯერა, რომ ბოდავდა, ტანკებს რა დამასიზმრებდა, მაშაყირებო. ხშირად ამბობდა, რომ მოვკვდე, არ მენანება, ბიჭი მაინც მყავსო...

თბილი და მოსიყვარულე იყო. ასეთები იშვიათად იბადებიან... ამბობდა, სანამ აფხაზეთს არ დავიბრუნებთ, ფორმას არ გავიხდი და ჯარს არ დავტოვებო...

უმისოდ ძალიან ნელა მიდის ცხოვრება... ხშირად მესიზმრება... მის სიახლოვეს ვგრძნობ, ვიცი, რომ ჩემს გვერდით არის და თავის შვილს მფარველობს. მის ბოლო თხოვნას ვასრულებ, ალექსს ვზრდი...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები