საქართველოს სამხედრო ისტორია
ოთარ კიკალეიშვილი

რეზერვისტი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1988 – 2008

 

მტერი რომ სენაკის ბაზას ბომბავდა, ის ფეხზე იდგა და ბიჭებს დასძახოდა, ამხნევებდა: „ნუ გეშინიათ, ბიჭებო!!!“ სწორედ იმ დროს გაუყენა მტრის ბომბმა ის უკვდავების გზას...

დედა: „ბოლოს შეცვლილი იყო, განსაკუთრებით გალამაზდა ბოლო დღეებში. რომ ვუყურებდი, მიხაროდა...“

ოთარ კიკალეიშვილის ცხოვრებამ მართლაც უცებ გაირბინა... არადა თურმე შეყვარებული იყო, ცოლის მოყვანა უნდოდა მალე და 5 ბიჭი...

„სულ მეუბნებოდა, მალე ცოლი უნდა მოვიყვანო და 5 ბიჭი უნდა მეყოლოსო...“

ოთარ კიკალეიშვილი 1988 წელს დაიბადა ფოთში. სკოლის დამთავრებისთანავე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, პარალელურად მუშაობდა შპს „სოვავტოტრანსჯორჯიაში“, ჯერ ცვლის დისპეტჩერად, შემდეგ – უფროსის მოადგილედ.

დედა: „საოცრად მოსიყვარულე შვილი იყო, ბავშვობიდან ვერ იტანდა, როცა ვინმეს ჩაგრავდნენ, ყოველთვის სუსტის დამცველი იყო. ნაადრევად დაკაცდა, 16 წლისას უკვე ვენდობოდი, ნებისმიერ საკითხში შემეძლო, დავყრდნობოდი... უნდოდა, შეყვარებულისთვის სანთლებით გული დაეხატა ფანჯრების წინ, მთელი კვირა მანქანით დაჰქონდა სანთლები, ვერ ბედავდა, ერიდებოდა... ერთ დღესაც გაბედა, როგორც იქნა... თვითონვე გამოუძახებია პატრული, რამე ხომ არ დამიშავებიაო... პატრულს ბევრი უხალისია... ოთიკოს დაღუპვამდე 5 თვით ადრე, მისი უახლოესი მეგობარი ლექსო გვენეტაძე დაიღუპა. ძალიან განიცდიდა, ლექსოს დედას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ამბობდა, მზია დეიდას მეტი შვილი არ ჰყავს და გვერდში უნდა დავუდგეო...“

მზია გვენეტაძე, ლექსო გვენეტაძის დედა: „ოთიკოს სიკვდილი რომ გავიგე, ჩავთვალე, რომ მეორე შვილიც მომიკვდა... ოთიკო საოცრად დიდი ადამიანი იყო, სულ გვერდით მედგა... ლექსო ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო და ყოველთვის მის უკან იდგა, ვინმემ არ დამიჩაგროსო. მათი უახლოესი მეგობარი იყო შალვა გაბუნია, რომელიც ასევე სენაკის ბაზის დაბომბვისას დაიღუპა, აქაც სულ ერთად იყვნენ და იქაც ერთად წავიდნენ...“

ფატი კიკალეიშვილი: „გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე ტაძარში დაიწყო სიარული, მეუბნებოდა, მოძღვარს რომ დავინახავ, სული მინათდებაო. სულ მეხვეწებოდა, ტაძარში წამოდი და დედები რომ ლოცავენ შვილებს, ისე დამლოცეო, ვერ ვინელებ, ეს სურვილი რომ არ ავუსრულე...

ომი რომ დაიწყო, მაშინვე მითხრა, ომში უნდა წავიდეო, სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვინ დამიჯერა... 8 აგვისტოს მერიის შენობის წინ მანქანით შემთხვევით ჩაიარა, თურმე რეზერვისტები იყვნენ შეკრებილი, ბევრი თავისი მეგობარი დაუნახავს იქ, უთქვამს: ბიჭებო, თქვენ გვერდით ვარ, მეც მალე მოვალო. მოვიდა და გამომიცხადა, ომში უნდა წავიდეო. გავგიჟდი, არ მინდოდა გაშვება, მითხრა, ბიჭებს სიტყვა მივეცი და არ გადავთქვამო, ისინი ომში მიდიან და მე სახლში ვიყოო! ამას სიკვდილი მირჩევნიაო... რეზერვისტებისთვის ხატები დაურიგებია, ხელები გაუშლია და უთქვამს: ნუ გეშინიათ, ბიჭებო, ხომ ხედავთ, რამხელა ვარ, ყველას გადაგეფარებითო... მართლაც ასე მოხდა... საღამოს 10 სათზე ველაპარაკე, მამშვიდებდა, ნუ ტირი, არაფერი მომივაო... მისი მეგობარი იხსენებდა, დაბომბვის დროს ყველანი გავიფანტეთ, ვინ სად გარბოდა და ვინ – სად, ოთო ფეხზე იდგა და დაგვძახოდა: ნუ გეშინიათ, ბიჭებოო... ეს იყო თურმე მისი ბოლო სიტყვა... დაბომბვის შემდეგ ვურეკავდი, არ მპასუხობდა, თავზარდაცემული ვიყავი, ჩემი მეუღლე ახლობელთან ერთად სენაკში წავიდა ოთოს მოსაძებნად, ბაზაზე ვერ იპოვეს, საავადმყოფოში კი... გარდაცვლილი დახვდა. მიცვალებულიც განსაკუთრებულად ლამაზი იყო... უყვარდა იარაღი, ფორმა. სულ იმეორებდა, ვაჟკაცმა სამშობლოსთვის უნდა იბრძოლოსო... ახლაც იქიდან გვიცავს და გვამხნევებს... ასეთი ხანმოკლე სიცოცხლე რომ ელოდა, ალბათ, ამიტომაც გამოირჩეოდა ასე სხვებისგან. მის მონატრებას ვერ ვუძლებ, გულს იმით ვიმაგრებ, რომ ჩემი შვილი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა... ტაძარში სიარული და ლოცვა მაძლებინებს...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები